ფორმულას ტელეწამყვანზე თავდასხმის საქმეზე მოწმემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ვახო სანაიას, ერთ-ერთი ბრალდებული, ვაჟა გიგაური "წიხლებით შედგა". ამ საქმის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს, 19 მაისს იმართება.
მოწმე გიორგი რამაზაშვილია, იგი იმ ავტომანქანას მართავდა, რომელსაც ვახო სანაია ოჯახთან ერთად გადაყავდა. მოწმის ჩვენებას IPN ავრცელებს:
"სამაშველო სამსახური გამოვიძახეთ, მალევე მოვიდნენ... ვახო და გიგაური გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ, მაშველებთან ერთად აწვებოდნენ მანქანას, ვახოს ჩამოძვრა ნიღაბი, გიგაურმა იცნო და მიმართა, "პროვოკატორო, ჩემი სახე დაიმახსოვრეო". ვახომ უთხრა, ახლა ვერაფერს ვხედავ, ჩემი პრობლემა მაქვს და დამანებე თავიო. გიგაური წავიდა, მანქანას წრე დაარტყა, ფეხი აუცდა და დაეცა, დაეცა ვახოც. ხმაურზე მოვიდნენ დანარჩენებიც და ჩაერთნენ კონფლიქტში.
ჩხუბი იყო, ფრაგმენტებად ვხედავდი გვერდითა სარკიდან, გიგაური რომ წაიქცა, მერე ვახოც დაეცა და წიხლებით შედგა გიგაური ვახოს, დანარჩენი ორი ამ დროს ქვემოდან მორბოდა და ჩხუბში ჩაერთნენ, ხელებით, ფეხებით, გინებით, როგორც ხდება ჩხუბის დროს. დავინახე, რომ მურუსიძეს ხელი მოხვდა, შეიძლება შემთხვევით მოხვდა, ვერ დავაზუსტებ. სამაშველო სამსახური ცდილობდა სიტუაცია განემუხტა, მე ფიზიკურად ვერ ჩავერეოდი, რადგან მანქანის მუხრუჭზე მეჭირა ფეხი, სამაშველომ დააშოშმინა სიტუაცია. სანაიას პატარა ბავშვი ჰყავდა, 3 წლისაც არაა, კონფლიქტის დროს ბავშვი ჩავარდა ისტერიკაში. ეს ბიჭები დაბლა ჩავიდნენ და ჩვენ გავაგრძელეთ მანქანის ამოყვანა. საპატრულო მალევე მოვიდა", - ამბობს მოწმე.
ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. როგორც ტელეწამყვანი ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაიამ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც. დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს.
შსს-მ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.
22 აპრილს გია გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა, თქვა, რომ ვახო სანაიამ, რომელსაც თავდამსხმელები მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მაშინ გაუსწორდნენ ფიზიკურად, როდესაც მას მანქანა ავარიული სიტუაციიდან ამოჰყავდა, თავად გამოიწვია მოძალადეები და შემდგომ პოლიციაში დარეკა.
გაჩეჩილაძემ დაკავებულების გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა და საპროტესტო აქციებიც დააანონსა. როგორც მან თქვა, "დაპატიმრებულ მოძალადეებს სისტემის წინაშე უსამართლოდ არ დატოვებს და მოლოდინი აქვს, რომ მის აქციას უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი დები და ძმები შეუერთდებიან".